All inclusive ნიშნავს, რომ კვებაც და სასმელიც ფასში შედის — საუზმე, სადილი, ვახშამი, დღის განმავლობაში საჭმელი და სასმელი სასტუმროს ტერიტორიაზე. ანუ ჩახვალთ, ჩაბარგდებით და საჭმელზე ფულს აღარ ხარჯავთ.
ეს ყველაზე მოხერხებული ვარიანტია ზღვაზე დასვენებისთვის: ბიუჯეტი წინასწარ იცით და ადგილზე მოულოდნელი ხარჯი არ გაჩნდება. ქვემოთ — რა შედის კონკრეტულად, რით განსხვავდება სხვა ტიპებისგან და რა უნდა გადაამოწმოთ ჯავშნამდე.
კვების ტიპები — ოთხი ასო, რომელიც ყველა შეთავაზებაშია
სასტუმროების აღწერაში ყოველთვის ხვდებით ამ აბრევიატურებს:
- RO (Room Only) — მხოლოდ ნომერი. კვება საერთოდ არ შედის.
- BB (Bed & Breakfast) — ნომერი და საუზმე.
- HB (Half Board) — საუზმე და ვახშამი. სადილი თქვენზეა.
- FB (Full Board) — სამივე კვება, მაგრამ სასმელი ჩვეულებრივ ცალკე იხდება.
- AI (All Inclusive) — სამივე კვება პლუს სასმელი.
განსხვავება FB-სა და AI-ს შორის სწორედ სასმელია. FB-ზე სადილად წყალი ან კოკა-კოლა ცალკე ანგარიშში მოგივათ, AI-ზე — არა.
რა შედის all inclusive-ში
სტანდარტული AI პაკეტი ჩვეულებრივ მოიცავს:
- საუზმე, სადილი და ვახშამი — ძირითადად შვედური მაგიდის სახით
- სასმელი დღის განმავლობაში — წყალი, გამაგრილებელი, ჩაი, ყავა
- ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელები
- მსუბუქი საჭმელი კვებებს შორის — ე.წ. snack bar
- ნაყინი, ნამცხვრები ზოგიერთ სასტუმროში
ზუსტი შიგთავსი სასტუმროს მიხედვით განსხვავდება. ოთხვარსკვლავიან და ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ერთი და იგივე „all inclusive” სხვადასხვა რამეს ნიშნავს — უფრო ძვირ სასტუმროში მეტი რესტორანი, მეტი არჩევანი და უკეთესი ხარისხია.
რა ხშირად არ შედის
ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე ხშირად ჩნდება უკმაყოფილება. AI-ში ჩვეულებრივ არ შედის:
- იმპორტული ალკოჰოლი — ადგილობრივი შედის, ბრენდული ჩვეულებრივ არა
- ა-ლა-კარტ რესტორნები — ბევრ სასტუმროში ცალკე რესტორნებია, სადაც ან ჯავშანი სჭირდება, ან დამატებითი გადასახადი
- მინიბარი ნომერში — ზოგან შედის, ზოგან არა
- სპა, მასაჟი, სალონი
- ექსკურსიები და წყლის სპორტი
- სეიფი და ინტერნეტი — ზოგიერთ სასტუმროში ფასიანია
ამიტომ ჯავშნამდე ღირს დაზუსტება: ზუსტად რა შედის ამ კონკრეტულ სასტუმროში. ჩვენ ამას ყოველთვის ვამოწმებთ და გეუბნებით.
როდის ღირს all inclusive და როდის არა
ღირს, როცა ზღვაზე მიდიხართ და დროის უმეტესობას სასტუმროში ატარებთ. ოჯახთან ერთად, ბავშვებით, სადაც დღეში რამდენჯერმე ჭამა გჭირდებათ — AI თითქმის ყოველთვის იაფად გამოდის.
არ ღირს, როცა ქალაქში მიდიხართ. პარიზში ან რომში AI აზრს კარგავს — იქ დღეს ქუჩაში ატარებთ და სასტუმროში მხოლოდ გასათევად ბრუნდებით. ასეთ შემთხვევაში BB ან RO უფრო ლოგიკურია.
სწორედ ამიტომ ჩვენს შეთავაზებებში ზღვისპირა მიმართულებები ჩვეულებრივ AI-ზეა, ევროპული ქალაქები კი — BB ან RO.
ხშირი კითხვები
სასმელი მართლა შეუზღუდავია?
სასტუმროს ტერიტორიაზე და მუშაობის საათებში — დიახ. ზოგიერთ სასტუმროში ბარები 24 საათი მუშაობს, ზოგან კი გარკვეულ საათებში იკეტება.
პლაჟზეც მოქმედებს?
თუ პლაჟი სასტუმროს ეკუთვნის — დიახ. საზოგადოებრივ პლაჟზე ან სხვა სასტუმროს ტერიტორიაზე — არა.
თუ გვიან ჩავალ, ვახშამს დავკარგავ?
ჩვეულებრივ არა. სასტუმროების უმეტესობა გვიან ჩასულს მსუბუქ ვახშამს უტოვებს, მაგრამ ეს წინასწარ უნდა გააფრთხილოთ. თუ ფრენა ღამით გაქვთ, მოგვწერეთ და ჩვენ შევატყობინებთ.
ნომრიდან საჭმლის გატანა შეიძლება?
სასტუმროების უმეტესობა ამას არ უშვებს — საჭმელი რესტორნის ტერიტორიაზე უნდა მიირთვათ. ეს სანიტარული მოთხოვნაა და არა სიძუნწე.
რით განსხვავდება ultra all inclusive-ისგან?
Ultra AI უფრო ფართო პაკეტია — ხშირად იმპორტულ ალკოჰოლსაც, ა-ლა-კარტ რესტორნებსაც და ზოგიერთ დამატებით სერვისსაც მოიცავს. ტერმინი სტანდარტიზებული არ არის, ამიტომ კონკრეტული შიგთავსი ყოველთვის უნდა დაზუსტდეს.
სანამ დაჯავშნით
ჩვენს შეთავაზებებში კვების ტიპი ყოველთვის წერია სასტუმროს გვერდით ფრჩხილებში — (AI), (BB), (RO). თუ გაინტერესებთ, რა შედის კონკრეტულ სასტუმროში, მოგვწერეთ და გადავამოწმებთ.
დაგვიკავშირდით 555 00 00 73 ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.